“ წაშლილი საფლავები ” "стёртые могилы"


    “ წაშლილი საფლავები ”

    “ წაშლილი საფლავები ” "стёртые могилы"

    სავარძელს შეზრდილი ხავსად, ნესტში ვთვლემ,
    თან ვხედავ შუქნიშნებს, სხვადასხვა ფერებად განათებულ სარეკლამო აბრებს,
    ბილბორდებს, ჭყეტელა ბლიკებად არეკლილს დაორთქლილ ფანჯრის მინაზე, ნაკადულად ქცეულ წვიმის წვეთებში,
    საიდანაც სევდით დამძიმებულნი ბილიკებს ხაზავენ და ძირს ვარდებიან. დამწუხრებული ცა, ჩემს ფანჯარაში ტირის.
    საკუთარი უძლურების დახშობის ბანში,
    საბანში თავიანად შეფუთულს ცხელი სუნთქვაც ვერ მათბობს,
    ეს ფიქრი სუსხიან ზამთარს გავს.

    თავით ხელზე მიყრდნობილს, სხეულს ძინავს,
    გონება კი ფხიზლობს და საკუთარი თავის ტყვედ მაქცევს,
    მუხლუხოს ვგავარ ჭუპრში ჩაკეტილს.
    გაიელვა ცამ, ქუხილმა კი როგორც ყოველთვის დაიგვიანა,
    თუმცა ყორნის ჩხავილი მომესმა,
    მანამ ჭექის ნათებასთან ერთად სილუეტიც ვნახე.
    ნისკარტს გამეტებით ლიანდაგს ურტყამს,
    ნაპერწკლებს ყრის მუხტად აქცევს,
    გასხივოსნებული მოძრავ ფესვთა შარავანდედში,
    მესამე დარტყმით კარიბჭეს ხსნის.
    შავ ბუმბულს ბოლში მდნარს სულ უფრო ქვაფენილს ამსგავსებს,
    ნაცრისფერს კი ღრუბლის სახით ხალიჩად ზედ აფენს.
    აფრენს ფრანს წიგნის ყდაზე ბავშვი,
    ჭაობში რომ ლპება, ლეკვის გვამთან ერთად.
    ცხენის დაღლილ ჩლიქთა ფხლაკუნს
    აბჯარი და იარაღის ჟღარუნი ჟრუანტელად ეწამება,
    ემატება ბნელ გვირაბში ექო,
    თითქოს ასიათასი მებრძოლის ხანჯალთა წკრიალს და გაყრილ ნაპერწკლებს, მატარებლის ბორბლების გრუხუნად ქცევა შეძლებია.
    ნალის ქვაფენილზე რითმული რტყმის მუხამბაზი ყურს ხვრეტს,
    საფეთქელს კი უზარმაზარ ქვასანაყში ატარებს.
    ვხედავ დაღლილ რაინდს ქვეითად მავალს,
    სადავით ცხენი უჭირავს,
    მოყავს დაფლეთილი, ხორცდალეული ლეში,
    რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავს,
    კრიჭას კრავს ფრუტუნებს და ღეჭავს ლაგამს.
    ვხედავ მოხეტიალე სულს, გზა დაკარგულს,
    მის წარსულს კოშმარად ქცეულს,
    მზერას დაბნეულს, (იხსნის ჩაფხუტს)
    აჩენს ნაოჭებით დასერილ დაღლილ სახეს,
    ანარეკლს ჩაფხუტში ჩამწყვდეულს,
    ზიზღით ძირს აგდებს, ის მას ძულს!
    ლანდი გასდის, გამჭვირვალე დგას არაფერს მალავს,
    ასეთ ძლიერს თურმე შიში ჭამს,
    სახლში დაბრუნებულს რომ არავინ ხვდება აჩრდილების გარდა
    და ხუჭავს ბინდ მოდებულ თვალებს.
    არა ერთ ჭირ ნახულ ჯაჭვის პერანგით დაღლილ მხრებს დაშვებულს,
    მზისგან დამწვარ გამხმარ მკლავებს ნაიარევებით მოქარგულს,
    მუშტად შეკრულ თითებს სახსრებში დეფორმირებულს,
    ზედ სისხლს მტრისას შედედებულს წვიმის წვეთებში ათავისუფლებს!
    აყროლებულ ჰაერს ვსუნთქავ ათასი გვამით მოწამლულს.
    ვესაუბრები მეგობარს ომში დაღუპულს,
    მის ნეშტს ვაჯერებ მშვიდობას არარსებულს,
    ვაფრიალებთ სისხლით და ცრემლით გაჟღენთილ დროშას მთვარემდე აწეულს, გამარჯვებულს!?
    ხო, მე შენ გგავარ სხვა ეპოქაში დაბადებულს,
    ჩვილს ვგავარ ნაგვის ურნასთან მიგდებულს
    და ვარ სიზმარს აყოლილი, გულდაწყვეტილი,
    სულ დაწყევლილი, თვალ დაკორტნილი და არასაკმარისად მაინც...
    სავენტილაციო შახტიდან მესმის გუნდის ბანი
    წყვდიადიდან მომავალი ღრმა და მძიმე,
    მას ორღანი აკომპანიმენტირებს.
    იდუმალი მესა შთანთქავს შიშის მკრთალ სილუეტს
    და ფანტაზიის წყაროდ იქცა.
    უხილავი ავი სული, ის ერთადერთია ახლა ვინც არ თვლემს.
    მეცა ძილს მიცემულს, ძირს დაგდებულ შინელს კატად მიქცევს,
    რომელიც ჩამქრალ ბუხართან შავ ლაქად წევს და მძიმედ სუნთქავს.
    ხის იატაკი ფორმას კარგავს, ბლანტ მასად ქცეული გაუმაძღრად შთანთქავს ოთახს. ბოღმით მოწამლული ბერავს მრავალრიცხოვან ლორწოვან ბუშტს,
    სკდომისას ჰაერში აფრქვევს მყრალ აირს,
    ნისლად მოდებულს მთელ ზედაპირზე და ჰალუცინირებს.
    ჭერი მდორედ, გრუხუნით და მტვერთა ცვენით ძირს ეშვება.
    შუბლის ძვალს აწვება წნევა, ნელ-ნელა სრეს,
    შიგთავსი მდუღარე შვრიის ფაფის მსგავსად ცხვირიდან მოედინება.
    დაობებული ფაფის ჭაობი, ფუფხის პატარა კუნძულებით ივსება.
    მოთეთრებული კედლები გაჟღენთილი ნესტით, ტკივილით კლაკნილი
    გველის გამონაცვლები ტყავივით ძირს დაყრილი შპალერით.
    ჭერიდან ხავსი ნახევრად ჩამხრჩვალ სავარძლის ზურგს ნიავის სურვილით ეპოტინება,
    ზედ ბაყაყი ზის და უხმოდ ყელს ბერავს.
    ლორწოვანი სხეულით ლავის დუღილს ირეკლავს.
    კარი გავარვარებულ მეტალს გავს,
    ელექტრო მუხტივით ზუზუნით ტკაცუნებს,
    ყურთან დაკრული ზარის თანხლებით.
    განზომილება იცვლება, უცებ აცივდა.
    აწვიმდა წინაპართა საფლავებს
    და ირგვლივ მდგარ აჩრდილებს,
    მე მათ შორის გავდივარ.
    ნამით გაჟღენთილ ბეტონის ნანგრევებს,
    საკუთარ ნასახლარს ვუყურებ.
    ჩლიქებით ტალახში შეზელილ ბალახს ვსრეს,
    სტრესი და თავს ძლივს ვიკავებ,
    ცრემლის დინებას ვერა.
    მიწის საბან ახდილ ტიტველ ძვლებს ცივა.
    დროს შერცხვა და თავისი კალთა გადააფარა,
    შემოდგომის ფოთლებით სიშიშვლე დამალა,
    უღრანი ტყე აყარა, მიწა დააყარა,
    ისე დაცულნი არიან პატრონიც ვერ მივა სხვა კიარა.
    მივშტერებივარ ჭერის გარეშე დარჩენილ კედელს,
    უფრო ირმის ფიტულის უსიცოცხლო ნახევარ პროფილს,
    ბუხრის თავზე დაკიდულს.
    შავი ფოლაქის თვალებით ზემოდან დამყურებს,
    ბრალს მდებს, დამნაშავედ მცნობს თავის სიკვდილში,
    როგორც მთელს ჩემს მოდგმას, გვწყევლის,
    თან ტირის შავი ზეთოვანი ცრემლებით.
    კრეოზოტით ყარს კოსმოსში,
    საიდანაც ბუ ვარსკვლავების ფონზე,
    სამზარეულოს ფანჯრის დაორთქლილ შუშაზე
    ნისკარტის შეხებით ყინულის ორნამენტს ხატავს.
    ცალი ფეხის ბრჭყალებით თაგვი უჭირავს დაღლილს,
    ნახევრად დაღრღნილი,
    მარცხენაში კი საწყისის და სასრულის გარეშე წრედ ქცეული გველი,
    რომელიც თავის კუდს ყლაპავს.
    ორი ქვის უზარმაზარი ფილის ხახუნით
    გავარვარებულ ქვაბში ვადუღებ რძეს,
    ვუყურებ მის ზედაპირს თეთრს, მაჯადოებს,
    ფოტო ფირივით რეაქტივში აჩენს ჭაღარა წვერს,
    ნაოჭებით შეჭმულ სახეს.
    თეთრი მასა იწყებს ბრუნვას,
    ზრდას, მიზიდავს მორევში,
    იძენს სხვა და სხვა ფორმებს,
    სიღრმეში საკუთარ სიბერეს მაცნობს,
    არ მსიამოვნებს გრძნობს და განაგრძობს.
    ხელს მაკიდებინებს ჩემს თავს, ბებერს, უძლურს.
    ცხოვრების მიწურულს, ზურგით საწოლში წევს,
    უკვე მოკვდა, ან თავს იმკვდარუნებს (მოხუცი მე),
    ბრუნდება, რძეში იზმორება, დგება,
    იბერება მდუღარე პარაფინად მესხმება,
    სახე-ტანი მეწვება!
    არ წვება ბებერი!, არც ჩერდება,
    ხალიჩად რეცხავს ჩემს ცოდვებს,
    ნარეცხი ბენზინის ცისარტყელად იშლება,
    გუბედ ქცეულ თეთრ თოვლში ნაცრისფერდება,
    ტალახად იქცევა,
    ჭაში იღვრება ბავშვობასთან ერთად.
    ერთთან,
    ერთან
    ერთ ხმაში კვლავ იწყება გოდება!
    მუდამ მემახსოვრება სირენა, შიში,
    ვიმალები როგორც თაგვი სოროში,
    გახვეული საბანში მაგიდის ქვეშეთში,
    უკუნეთ სიბნელეში, დაუნდობელი ზამთრის კლანჭებში,
    მოყინული თითები თმებში,
    არ ინთება ნედლი შეშა,
    დედის როდესღაც ნაზი ხელების კანი ხიჭვებში,
    სახე ნაცარში, თვალები ბოლით გაჭვარტლულ ცრემლში,
    ფეიერვერკი დახურულ დარაბებში, ზანზარი კედლებში,
    ო როგორ მძულს და მახსოვს ყველაფერი დეტალებში,
    ლამპის ყოველ ტკაცუნში,
    მოგონებების მუხტი ორღანის ღრიალად ქცეული, თოლიებს აფრთხობს,
    მეთევზეთა გემს რომ დასტრიალებენ.
    ძლიერ წვიმს, სახე არ მიჩანს.
    თაფლის სურნელი მძაფრდება.
    ვმღერი ჰიმნს!
    მოძრაობები სრულდება,
    ცხელი მასა გრილდება,
    საბოლოო ფორმაც მეძლევა
    და სანთლად ქცეული ვოცნებობ ტაძარს,
    ლოცვას, ზარს, დანთებას,
    სახლში დაბრუნებას, მშვიდობას,
    ან თავის მსხვერპლად გაღებას,
    ვერ ვიტან უმოქმედობას
    და უკუნით წყვდიადში მფეთქავ ნათელს, საგულედან ვიგლეჯ!
    მარადიულ ძილში ჩაყინულ აჩრდილებს სხივების პულსაციით ვაღვიძებ. მზესუმზირის ყვავილებივით,
    დილის ცვრის ტკივილით აცრემლებულნი ბრწყინავენ
    და უხმოდ მომყვებიან.
    სუნთქვის გაძნელებამდე ვიწრო ჩაბნელებულ დერეფნებს
    თავბრუსხვევამდე მივყავარ.
    ხის ჯებირებსა და მავთულხლართს მიღმა ცა ყლუპ-ყლუპად ჩნდება.
    ბინდდება.
    თაღებზე დაშენებული არმატურისა და ბეტონის კარკასი
    ალისფერ სხივებში დნება.
    ქარი არ წყდება,
    ღეჭავს დაფლეთილ ცელოფნის ფარდებს
    და პეპლის ფრთებივით ფრიალში მტვრად აქცევს წვიმის წუხანდელ წვეთებს. სმოგში და ჩრდილში აზელილი ქალაქი ქრება.
    კეფა დამძიმებული ვხედავ ტალახით ამოსვრილ ძალადაკარგულ მუხლებს
    და ჭყაპში აზელილ გაყინულ კოჭებს.
    ორთქლით დაფარულ პატარა გუბეებს ნეშომპალას ფსკერით, გოგირდის სუნი ასდის. ჟრუანტელად აფრენილ ხორხისმიერი ჩხავილით ყორნების გუნდს,
    გაყვა მაწანწალა მეძებრის დაფეთებული მზერა.
    გოგირდის ნალექმა დატბორილი აბანოს ფსკერი
    ზურმუხტის მწვანე გადაკრულ ერბოკვერცხს დაამსგავსა,
    ოდესღაც თეთრ კაფელს კი ჟანგად მოედო
    და უპატრონობა დაირქვა კვალად.
    ისევ დაიწყო თოვა, აცივდა.
    ორპირი მგელი მთვარეზე ყმუის
    და გულის მსერავ კარის ჭრიალში
    ორკესტრად ქცეული ჟრუანტელად მესხმის თავს.
    მესმის გუგუნი,
    დამსკდარი კედელი დაყვითლებული შპალერით,
    გაჟღენთილია ტალახის ფერი მასით,
    ფესვებად დაიბერა
    და ჩვილის დაბადებისებრ ტკივილნარევ ჭყავილში იკლაკნება.
    მტვრის გაშეშებული ნაპერწკლებით შექმნილ უჰაერო სივრცის ილუზიაში,
    დრო იყინება.
    ჭერიდან ჭაღზე მინერალების ნალექით დაგრეხილი წიაღისეული წვეთ-წვეთ იძერწება.
    სტალაგნატებში შეზრდილი კედლები,
    მტვრის საბანში გაყინული დრო
    და მე მივცურავ,
    ვგავარ დაკარგულ მყვინთავს,
    რომელიც ეძებს თავს ზღვის ლაბირინთებში დიდხანს.
    დაკარგული ვარ ვეძებ გასასვლელს, ნიშნებს, მაშველს.
    დრო იწურება, ჰაერი მთავრდება.
    ექო ქლორის სუნს აღაგზნებს მძაფრდება.
    გონებადაკარგულს ვხედავ საკუთარ სხეულს ტანჩაუცმელს, ტანჯულს.
    უსახო ბრბო შიშველ გვამს კლანჭებით გლეჯს, ქოლავს,
    სისხლით დანამულ მარყუჟებიან ხელებს იშვერს.
    კრუნჩხვებში ვცეკვავ ცერებზე, გარდაცვალების თემას საშინელს.
    სველი სული უფორმო ჟელედ ამოდის პირიდან,
    მედუზას ფორმას იძენს იისფერი ციმციმით,
    წყვდიადს აღვიძებს მარადიული ძილიდან.
    ციხედ ქცეულ გვამს თვალს არავინ უხუჭავს,
    გდია ძაფ გადაჭრილი მარიონეტივით,
    ან იქნებ სიზმარია ირგვლივ, ცხადში ნახული
    არც ზაფხული, არც ზამთარი, არც გაზაფხული
    არის ნამდვილი ის წარსული დაკარგული,
    მოხუცის ქოხს რომ გავს მატარებლით რომელსაც ჩაუვლი,
    მიტოვებული, მარტოსული ვგრძნობ, ცემს ჯერ კიდევ გული,
    ის ხელში ლამპარივით მიჭირავს,
    აცრემლებული ვახელ თვალს
    და კიდევ ბევრი რამ არ მახსოვს ან არც მითქვამს.
    გარეთ თოვს.
    მახსოვს, ზამთარში ეზოში თამაში როგორ მიყვარდა
    და ფანტელები ისევ ისე აუჩქარებლად ეშვება
    ხმა ჩაყლაპული უსასრულო არარაიდან
    და ჩემს ფანჯარას მლპობელებად ადნება.
    შუქი ქრება, განზომილება იცვლება.
    ნესტიან სიგრილეს ვგრძნობ.
    მაზუთით გაჟღენთილ ხის წებოვან შპალებზე ყოველ გადადგმულ ნაბიჯს,
    შიშველი ტერფის გულიდან უსიამოვნო, მჭყმალავი ხმა მოყვება.
    დაუსრულებელ რკალებად დაშლილი გუბეში წვეთი ამღვრევს გრუნტს,
    ხმას კი ექოს ამრავლებინებს და წყვდიადს წირავს.
    ფარდა ახდილ პანიკას ვგრძნობ, ღამურათა წივწივა ხმებში,
    ფრთების ფართხუნით გაჭრილ ჰაერის ნაკადს,
    ჟრუანტელ დაყრილ კისერთან გახრწნილი თევზის სიმყრალით ჩაქროლილს. ჩაქოლილი,
    ჩამქრალი
    იისფერი შუქნიშნის,
    ჩაფშვნილი შუშები დაჟანგული ლიანდაგის ირგვლივაა მოფენილი.
    დათოვლილი ბაქანი იდუმალი დუმილით დუმს.
    ზღვა, ტკივილით დამძიმებული,
    მდორე ტალღებით, გვამთა ფარას ნაპირისკენ მიერეკება.
    ფაქიზად წვიმს.
    ლეკვის უსულო სხეული წყალში ტივტივებს,
    ფაფუკი ბეწვით ზედაპირს ეხება,
    ისე ნაზად, თითქოს ეფერება.
    მზე პატარა გაბერილ სხეულს სხივების ბილიკით უკანასკნელ გზაზე აცილებს.
    თოლია ჭირისუფალს გავს,
    დაბლა მიცვალებულთა თავებთან დაფრინავს,
    ყვირილში ხორხს იგლეჯს,
    ყურს ჭრის ბასრი ბგერებით,
    უშედეგოდ ცდილობს მარადიული ძილიდან ერთერთი მათგანი მაინც გამოაღვიძოს.
    თვით შავი მხედრის გასროლილი ისრით ანთებული
    გირლიანდებით მორთული გემი, ნისლში იკარგება.
    დრო მიმოფანტულ აჩრდილებს მლაშე უფსკრულში ტირილით იხმობს.
    ვხედავ უცნობ საკუთარ თავს,
    ძლიერ წვიმს,
    ის გარეთ დგას
    და ჩემს ფანჯარაში ტირის.
    ვგრძნობ როგორ მიყვება შავ ძაფს ეული სული,
    ის ხედავს წარსულს, ფიგურებს მარადიულ ძილში ჩაყინულს,
    დამწვარ სახლს, გზას ცრემლებით მონამულს
    ზედ დაფენილ ყვავილთა ხალიჩას ტკივილით მოწამლულს,
    უსასრულო ზამთარს,
    გამოწვდილ ხელს არარსებულს,
    აქვე მდოგვის მარცვლის ოდენად შემორჩენილ დაბრუნების იმედს,
    რწმენას იმასაც მტვრად ქცეულს,
    ჩალეწილ ფანჯრებს ცელოფან აფარებულს,
    მიტოვებულ ტაძარს ავი სულებით გავსებულს,
    საფლავს ბუჩქნარით წამებულს,
    ჭრიალა ჭიშკარს მიწისქვეშ მიძინებულს, მატლებთან ერთად.
    წაშლილია მოგონება საფლავებთან ერთად.
    დღეს ისევ მკვდარი ლეკვი მესიზმრა
    და ყორანი რომელიც ზედ ზის და მის გვამს ფლეთს.
    დაფეთებული ფრთებს, შიშით შლის და კეცავს,
    უმზერს პატრონის სილუეტს,
    შავ ბოლად მავალს გვამთა შორის.
    ჩხავის!
    ლეკვს უკორტნის თვალებს,
    მართმევს ძალებს ეს...
    სისხლში მოთხვრილს, ბუმბული ულაპლაპებს.
    ლეკვის გული, ვგრძნობ ჯერ კიდევ ცემს,
    პირს ვერ აღებს ისე ღრიალებს.
    ამაყად ფრიალებს, მავთულხლართში გახვეული დროშის ნაფლეთი.
    მიძინებული ქალაქის გულში, ეკლესიის სარკმლიდან,
    ზეთის კანდელის ლოცვის სხივები მოღრუბლულ ცას შეღაღადებენ ცახცახით, უზიარებენ ტკივილით გაჭვარტლულ კედლებში გაჩენილ ბზარებს,
    ჩამოშლილ გუმბათს, დაკარგულ რწმენას.
    კვლავ წვიმას აპირებს.
    მოფარებულში შავ სამოსში ბერი რეკავს ზარს.
    ვერ ვცნობ გზას,
    ვერ ვპოულობ სახლს,
    განწირულს ვოცნებობ რეალობის სიზმრად ქცევას.
    იწყება მოქცევა, გაქცევა არ შემიძლია, მუხლამდე ტალახში ჩაფლულს.
    პროეცირება ომის კადრების თვალს ჭრის.
    რეკავს ტელეფონი, ზუმერი გადის,
    ყურმილის ამღები არავინ არის.
    ერთ წუთს, ორს,
    ბუმბულის შრიალით ამ დროს ფრთები გაშალა შავ ბოლად მოსულმა ავმა სულმა და ჩაიკარგა ნისლში.
    შორიდან ისმის ბავშვის ტირილი.
    უფრო აცივდა
    ციდან უკვე ცრის,
    თოვლი ფქვილს გავს საცერში გაცრილს.
    მთვარე ანათებს საფლავს ახალ გათხრილს.
    ცეცხლი უკიდია სანთელს
    ნიავი აბნევს მის ბოლს, როგორც ჩემს აზრებს.
    მწარედ წვიმდა ელვამ სიზმრიდან თვალი რომ მომჭრა,
    ქუხილმა კი საბოლოოდ გამომაღვიძა.
    მგლოვიარე მთვარე თვალდანამული, შავ თავსაფარში სახე დაბურული, მოღრუბლულ ცას ძაძად ქცეულს ეფარება
    და ჩემს ფანჯარაში დაკარგულ წვეთებს დასტირის.

    ი. მიზრახიბერია

      წაშლილი საფლავები, Абстракция, путешествия, дом, искусcтво

     


     

    Смотрите также

    Информация

    Посетители, находящиеся в группе Гости, не могут оставлять комментарии в данной новости.

Стоит посмотреть
Новое
Реклама

Используйте только лучшие стоковые изображения и видео в своей работе!



Зарабатывайте и творите без ограничений!